14/07/2023
16:12
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია გამოვლინდა.
უწყება ამბობს, რომ იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, შპს "ათინათის" კუთვნილი ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 1 ნიმუშის 25 გრამში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Listeria monocytogenes. Listeria monocytogenes არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
"შპს "ათინათს" დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროცესზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
საწარმოში ჩატარდა ასევე არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კარაქის საწარმოებლად გამოყენებულია შპს "ეკე 2009"-ის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქი (B401MART1106-111; დამზადების თარიღი - 31.01.2023; გამოყენების ვადა - 31/01/2024). შესაბამისად, შპს "ეკე 2009"-ში ჩატარდება არაგეგმური ინსპექტირება", - წერია უწყების განცხადებაში.Listeria monocytogenes ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციურ დაავადებას ლისტერიოზს. ინფექციის წყაროა გარეული მღრღნელები და შინაური ცხოველები. ადამიანს ლისტერიოზი გადაედება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტითა და საკვებით (თერმულად ნაკლებად დამუშავებული ხორცი, უმი რძე, რძის ნაწარმი და ხილ-ბოსტნეული).
0
0