ირანმა შესაძლოა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის პასუხი მოსთხოვოს პირებს, რომლებიც, მისი აზრით, თავდასხმაზე არიან პასუხისმგებლები, იმის ნაცვლად, რომ ისრაელზე სამხედრო იერიში მიიტანოს. ამის შესახებ The Guardian-ი იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, ირანი გეგმავს, პასუხი მოსთხოვოს პირებს, რომლებიც ისრაელის სადაზვერვო სააგენტოსთვის, „მოსადისთვის“ მუშაობენ, ან მისი წევრები არიან.
მანამდე The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მოსადის“ აგენტებმა ირანის უსაფრთხოების აგენტები დაიქირავეს, რათა ისმაილ ჰანიეს ოთახში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაეყენებინათ.
The Guardian-ის ცნობით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომის დროს, რომელიც ირანის მოთხოვნით „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის განსახილველად გაიმართა, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იშაქ დარმა განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰანიეს სიკვდილისთვის შური უნდა იძიონ, ირანმა ამით „არ უნდა შეასრულოს ისრაელის (პრემიერ-მინისტრის) ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა უფრო ფართო ომის შესახებ“.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე გასულ კვირას ირანის ახლად დანიშნული პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თეირანში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ ლიდერი იმ სასტუმროს ოთახში მოკლეს, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი განაგებდა. ირანი მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ოფიციალური ისრაელი არც ადასტურებს და არც უარყოფს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას.
0
0