ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფ ორ ადამიანთან კონტაქტი დაამყარეს. ამის შესახებ ადგილობრივ სააგენტო FARS-ს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურიმ განუცხადა. მის სიტყვებს CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ერთ-ერთ მგზავრთან და ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან კონტაქტი ჩამოვარდნიდან მალევე რამდენჯერმე დამყარდა.
„კომუნიკაციების სამინისტრომ და უსაფრთხოების სხვა სააგენტოებმა ინციდენტის არეალი 2 კილომეტრის რადიუსით დაადგინეს. თუმცა, ამინდის გამო, ადგილთან მისვლა გამოწვევებს უკავშირდება“, - განაცხადა მანსურიმ.
პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ხისტად დაეშვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.
0
0