24/12/2023
20:12
მსოფლიო
ირანში უსაფრთხოების ძალებმა წაიღეს ანდრეი სახაროვის პრემიის დიპლომი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მაჰსა ამინის. 22 წლის ირანელი ახალგაზრდა ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა.
ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფ Hengaw-ის თანახმად, დიპლომი ამინის ოჯახის იურისტს, სალეჰ ნიკბახტს თეირანის აეროპორტში წაართვეს, სადაც ის საფრანგეთიდან 22 დეკემბრის საღამოს ჩავიდა.
სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალებმა დიპლომის გარდა ადვოკატის პასპორტი და მობილური ტელეფონიც წაიღეს.
ევროპარლამენტის ანდრეი სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.
დეკემბრის დასაწყისში ირანის ხელისუფლებამ ნება არ დართო მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს, საფრანგეთში ანდრეი სახაროვის პრემიის მისაღებად წასულიყვნენ.
ოჯახის წევრების ნაცვლად, დაჯილდოების ცერემონიალზე ოჯახის ადვოკატები მივიდნენ.
სახაროვის პრემიის ლაურეატი ასევე იღებს 50 ათასი ევროს ჩეკს. არ არის დაზუსტებული ჰქონდა თუ არა ნიკბახტს ეს ჩეკი და წაართვეს თუ არა იგი უსაფრთხოების ძალებმა.
ირანელი ქურთი მაჰსა ამინი თავსაფრის არასწორი ტარების გამო 2022 წლის სექტემბერში პოლიციამ თეირანში დააკავა. დაკავებიდან მალევე მაჰსა ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 22 წლის ქალს სისხლის ჩაქცევა დაემართა.
ამინის სიკვდილს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო, ანტისამთავრობო გამოსვლები ირანში, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
0
0