19/05/2024
18:42
მსოფლიო
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა დაადასტურა ინფორმაცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის „მძიმედ დაშვების“ შესახებ.
ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის ირანის პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.
ნახევრად ოფიციალურმა ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა ირანელებს მოუწოდა პრეზიდენტ რაისისთვის ილოცონ.
როგორც მთავრობამ მედიას განუცხადა, უამინდობის გამო ირანის წითელი ჯვრის საზოგადოებას გაუჭირდა შემთხვევის ადგილზე მისვლა. ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომელბშიც მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ უსაფრთხოდ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანიდან თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.
0
0