
ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რეგიონის ქვეყნებთან კარგი და მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნოს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ირანს აქვს თავდაცვის უფლება, თუ სხვა ქვეყნების ტერიტორიები ქვეყანაზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებენ.
„ჩვენი თავდაცვის აქტი არ შეიძლება იქნას განმარტებული, როგორც ამ ქვეყნების მიმართ მტრული აქტი“, - აღნიშნა საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
ამასთან, მან უარყო ინფორმაცია, რომ ირანმა თურქეთის, კვიპროსისა და აზერბაიჯანის მიმართულებით საბრძოლო მასალა გაუშვა.
„ამ ქვეყნების წინააღმდეგ ირანის ტერიტორიიდან არანაირი შეტევა არ განხორციელებულა. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მტერმა შეიძლება გარკვეული თავდასხმები მოაწყოს ჩვენსა და სხვა ქვეყნებს შორის განხეთქილების შესაქმნელად“, - აღნიშნა ესმაილ ბაგაიმ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ ამ თემაზე დისკუსიები ამ ეტაპზე „არარელევანტურია“.
„ამჟამად, სამხედრო დაპირისპირებები კვლავ მიმდინარეობს. ამ კონკრეტულ ეტაპზე, ჩვენი სამშობლოს დაცვის გარდა სხვა საკითხზე საუბარი არარელევანტურია. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ეს არ არის არჩევანის ომი. ეს არის აუცილებლობის ომი, რომელიც თავს მოგვახვიეს“, - აღნიშნა ესმაილ ბაგაიმ.
0
0