ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენში, მათ შორის, იჯდა თუ არა იქ თავად პრეზიდენტი. ასევე, ამ დროისთვის უცნობია, ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა.
შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ბრიგადები გაემგზავრნენ.
გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ რაისი აზერბაიჯანში სწორედ ამ ვერტმფრენით იმყოფებოდა.
ინციდენტი კი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის.
მედია ასევე წერს, რომ პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში მოგზაურობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები.
0
0