
Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანი აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის კამპანიის წინააღმდეგ კიბეროპერაციების განხორციელებასა და პოლიტიკური უთანხმოების გაღვივებაში დაადანაშაულა.
„მიმდინარე წინასაარჩევნო ციკლის განმავლობაში, ირანის სულ უფრო აგრესიულ აქტივობას დავაკვირდით. ირანი ასევე ებრძვის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის [რომელმაც მიმდინარე კვირის კონვენციაზე ოფიციალურად უნდა მიიღოს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია] წინასაარჩევნო კამპანიას. ირანმა ოპერაციები ჩაატარა, რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკულ საზოგადოებაში პოლიტიკურად დაყოფის ზრდას. ახლახან გახმაურებული ქმედებები ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის კამპანიის კომპრომეტირებისკენ იყო მიმართული, რასაც სადაზვერვო საზოგადოება ირანს უკავშირებს. სადაზვერვო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ სოციალური ინჟინერიითა და სხვა საშუალებებით, ირანელმა საიდუმლო აგენტებმა მოახერხეს წვდომა იმ პირებზე, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიასთან. ეს ქმედებები მოიცავდა საიდუმლო ინფორმაციის ქურდობას და გამჟღავნებას, რათა ირანმა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საარჩევნო პროცესზე“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ, რომელიც სამთავრობო კომპიუტერული სისტემების დაცვას ზედამხედველობს.
აღნიშნულ განცხადებაში დადასტურებულია აგვისტოს დასაწყისში რესპუბლიკური საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებული ბრალდებები, რომლის თანახმად, ირანმა მისი ერთ-ერთი ვებგვერდი გატეხა. იმ დროისთვის ტრამპმა თქვა, რომ ირანს „მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიღება შეეძლო“.
0
0