
ირანი და ყაზახეთი შეთანხმდნენ, გააფართოონ სატრანსპორტო თანამშრომლობა და შეადგინონ ერთობლივი საგზაო რუკა რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის აღმოსავლეთ მარშრუტის გავლით.
ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი, ფარზანე სადეღი ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების კონფერენციაზე ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს, ნურლან საურანბაევს შეხვდა.
როგორც მედია წერს, შეხვედრის დროს სადეღმა ხაზი გაუსვა სატრანზიტო პროექტების დაჩქარების მნიშვნელობას და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის აღმოსავლეთ განშტოებას, რომელსაც ყაზახეთი რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობით ხელმძღვანელობს.
მხარეებმა განიხილეს მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება და მხარი დაუჭირეს ორმხრივი სატრანსპორტო თანამშრომლობის ყოვლისმომცველი ხუთწლიანი გეგმის შემუშავებას. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, სასწრაფოდ შეაფასონ კასპიის ზღვის სატრანზიტო პოტენციალი.
ირანმა დადებითად შეაფასა ყაზახეთის წინადადება აზერბაიჯანთან „კასპიის ხიდის“ ინიციატივის მსგავსი ერთობლივი სატრანსპორტო პროექტების შესახებ.
0
0