
საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთო, – პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისია ქართველ ხალხს შანტაჟისა და დაშინების ენით ელაპარაკება.
„რას ნიშნავს, ევროპულ გზაზე უნდა დავბრუნდეთ? მათი გაგებით, რადგან საქართველო პირდაპირ კონფრონტაციაში არ არის შესული რუსეთთან, ამიტომ ევროპულ გზაზე აღარ ვართ. თუ აქ მეორე ფრონტი იქნებოდა და რუსეთთან კონფრონტაციაში ვიქნებოდით, მაშინ ევროპული გზის ერთგულები ვიქნებოდით. რასაც გვეუბნებიან, ევროპულ გზაზე დაბრუნება ნიშნავს, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, ლგბტ პროპაგანდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარებული იყოს, სასამართლო დააკომპლექტონ, ჩვენ თითი ავწიოთ და როცა გაუხარდებათ, არჩევნების შედეგები ქართველ ხალხს მიაყარონ, როცა მოუნდებათ, რევოლუცია მოაწყონ და პარლამენტი გადაწვან. თურმე, თუ ამაზე კანონი რეაგირებას მოახდენს, ეს რუსული გზაა. ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის ვასალად თავის აღიარება. ჩვენ ევროპულ გზაზე ვდგებით და ევროპულ ღირებულებებს ვიცავთ. ევროკომისია ქართველ ხალხს შანტაჟის და დაშინების ენით ელაპარაკება. ქართველმა ხალხმა თავისუფლება და თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგოს. ქართველი ხალხი სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება. საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთ.
ჩვენ რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, ეს ამ ადამიანებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის სიკეთეა? რუსეთს თუ სანქციებს დავუწესებთ, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის სიკეთე იქნება? საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში საქართველოზე პირნათელი ქვეყანა არცერთია. აქ საუბარია რუსეთთან პირდაპირი სანქციების დაწესებაზე, რომ ჩვენი პროდუქცია აღარ გავიდეს რუსეთში, ჩვენი ეკონომიკა ჩამოიქცეს, რუსეთმა სანქციები აქეთ დაგვიწესოს. როცა ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ამით დამთავრდება ყველაფერი? სხვა პოლიტიკური, სამხედრო თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აგრესია არ წამოვა რუსეთის მხრიდან? ლამაზი ლოზუნგით რომ გვექაჩებოდნენ ომში, ეს საფრთხის მატარებელი არ არის? ოპოზიცია რომ ხარობს, თვითონ რას ამბობენ, რომ მზად არიან საომრად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს არსებითი სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება, ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი (Visa Suspension Mechanism) ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ „ვიზების შეჩერება, შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“.
0
0