
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის არსებული გენერალური გეგმის ალტერნატივებზე მუშაობს.
როგორც კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, იგეგმება არსებული პროექტის გადახედვა, რაც ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი არ შენდება.
„დღეს საზოგადოებას ვაცნობთ ახალ, მნიშვნელოვან დეტალებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით. დეტალებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი მძიმე კრიზისშია. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის უკვე არსებული გენერალური გეგმის — „მასტერპლანის“ ალტერნატივებზე მუშაობს. ამისთვის გაფორმებულია ახალი კონტრაქტი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის მიზანიც არის არსებული პროექტის გადახედვა, ახალი ვარიანტების შეთავაზება და ტვირთნაკადის პროგნოზის თავიდან გაკეთება. ეს ნიშნავს, რომ პროექტი, რომელზეც წლები საუბრობდნენ, აღარ მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ანაკლია არ შენდება — ანაკლიას ისევ „კლავენ“. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ თავად კონტრაქტშიც კი არ არის განმარტებული, რატომ გახდა საჭირო ამ მასშტაბის ცვლილება.
ანუ, ხელისუფლება ვერ ან არ ამბობს სიმართლეს, რა ჩავარდა, რატომ ჩავარდა და ვისი პასუხისმგებლობაა ეს. ამასთან, უკვე თითქმის ორი წელია, რაც ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს. 2024 წელს გამოცხადდა, რომ ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება „უახლოეს დღეებში“ გაფორმდებოდა. დღეს კი ვხედავთ, რომ არც ხელშეკრულებაა, არც ინვესტორია და არც დასრულებული პროექტი. დღეს „მასტერპლანს“ თუ თავიდან წერ, ესე იგი, პროექტს აჭიანურებ, დროს წელავ, აგდებ. ინვესტორთან თუ ორი წელი ვერ შეთანხმდი, ესე იგი, მოლაპარაკებები ჩაგივარდა. თუ ისევ „ანალიზზე“ ხარ გადასული, ესე იგი, ქვეყანა ისევ ნულიდან იწყებს. ეს არის „ქართული ოცნების“ მართვის შედეგი – დაკარგული დრო, გაფლანგული შესაძლებლობები და გაურკვეველი მომავალი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი ჩააგდო.
„ჩააგდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა დასავლურ პარტნიორებს და დღეს გვტოვებს გაურკვეველ, რისკიან და გაჭიანურებულ პროცესში. ამ დროს, რეგიონში ვითარება სწრაფად იცვლება. საერთაშორისო დონეზე უკვე იკვეთება ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობა — ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის განვითარება, რომელიც შეიძლება იქცეს XXI საუკუნის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ არტერიად.
ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული შეერთებული შტატები და დასავლური პარტნიორები. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის – შანსი, დაბრუნდეს დიდ თამაშში და დაიკავოს საკუთარი ადგილი. მაგრამ ამ „ღია ფანჯარას“ სჭირდება გამოყენება. სჭირდება მკაფიო არჩევანი“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
კუპრაძემ წარადგინა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ხედვა, რა უნდა გაკეთდეს.
„„ძლიერი საქართველო – ლელო“ აცხადებს:
ეს შანსი აღარ უნდა დაიკარგოს. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, რა უნდა გაკეთდეს:
ანაკლიის პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად. პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი სტაბილურობა, სანდოობა და უსაფრთხოება.
ანაკლიის პორტს უნდა მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი. პროექტი უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე — ყველა ხელშეკრულება საჯარო, რათა აღარ განმეორდეს კულისური გარიგებები და შეცდომები. და რაც მთავარია, ამ პროცესში არ უნდა იყოს ადგილი იმ ძალებისთვის, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ.
ჩვენ მზად ვართ, ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უზრუნველვყოთ ამ პროექტის სწრაფი და რეალური განხორციელება. ანაკლია არ არის უბრალოდ პორტი. ანაკლია არის საქართველოს ეკონომიკური, უსაფრთხოების და გეოპოლიტიკური მომავალი. დღეს კიდევ ერთხელ დგას არჩევანი — განვითარება თუ გაჭიანურება, დასავლეთი თუ გაურკვევლობა, მომავალი თუ დაკარგული შანსები. „ძლიერი საქართველო – ლელო“ ამ არჩევანში დგას საქართველოს მომავლის მხარეს. ანაკლია სჭირდება ქვეყანას, ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს და ანაკლია აუცილებლად აშენდება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
0
0