
რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი როდესაც ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც უგულავა წერს: „პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დედაეკლესიასთან დაპირისპირების ფონზე პოლიტიკურ წარმატებზე ამბიცია ვერ იქნება.
„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. ესენი არ იყვნენ მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, ეს იყო მთელი პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და ენჯეოები. ყველა იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა. მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას. პარტიები, ენჯეოები, მედია საშუალებები, ყველა იყო ჩართული ამ უმძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, ჩვენი კონტრკამპანიით. ახლა ცდილობენ, წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, ამასაც ვერ ექნება წარმატება. ჩვენი ეკლესია იქნება მტკიცე და ძლიერი, როგორც იყო აქამდე და იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც არ უნდა სცადოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო იქნება მტკიცე და ძლიერი მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0