
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს და განათლების მიმართულებით მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს, ლუის ბენვენისტეს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო.
„ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითად ამოცანებად სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რესურსების ოპტიმიზაცია, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის თვისებრივი გაუმჯობესება განისაზღვრა. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში.
საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკთან ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი საქართველოში 8 აქტიურ ინვესტიციას მოიცავს, რომელთა საერთო ღირებულება 975 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების მენეჯერი ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში რიტა ალმეიდა, მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტი ანა ბერძენაძე, ხოლო საქართველოს მხრიდან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
0
0