
2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა, იყო 21,3% და შემცირდა 7,1%-მდე. უკრაინაში 2021 წელს დაახლოებით 21% იყო სიღარიბე, გაიზარდა 41,6%-მდე. 90-იანი წლები არის დაბრუნებული უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით იგივე ვითარებაა მოლდოვაში.
„უკრაინაში ომია, მოლდოვაში არ არის ომი. 2019 წელს 25,2% იყო სიღარიბე მოლდოვაში და შარშანდელი მონაცემებით, გაიზარდა 31,6%-მდე. საქართველოში, მიუხედავად სისტემური და სისტემატური უსამართლობისა, რასაც ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სწორედ ჩვენი ძალისხმევით და ჩვენი რიტორიკის წყალობით, კრიტიკაც იყო, მაგრამ იყო მხარდამჭერი გზავნილებიც ევროინტეგრაციის მიმართ, ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება ევროინტეგრაციის მიმართ. მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი, ქვეყნის მოსახლეობის 54,6%-მა, ვინც რეფერენდუმში ქვეყანაში მისცა ხმა, უარი უთხრა ევროინტეგრაციას. ამ ქვეყანას გვადარებენ ჩვენ. მოლდოვაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას არ უნდა ევროინტეგრაცია. 54,6% არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი, საუბარია იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ვინც უშუალოდ ხედავს ყველაფერს. მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია და ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ. ეს არის საერთო მოცემულობა – დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ეკონომიკა, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველო არის ბევრად უფრო წინ. ეს ხომ ციფრებია. ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ ციფრები. ყველაზე მეტად ეზიზღებათ ციფრები, რადგან ციფრები აჩვენებს შიშველ სიმართლეს. დანარჩენი არის დემაგოგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0