
წლების განმავლობაში ე.წ. ენჯეოები საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებდნენ, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ „ენჯეოები“ არავითარი უფლებადამცველები არ არიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა, რომ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების ფონზე საქართველოში მომუშავე მედიაორგანიზაციებს, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩანს ძალიან კონკრეტული, უხეში ხელყოფა ერთ-ერთი მთავარი უფლების – მედიის თავისუფლების მიმართ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, სხვა საერთაშორისო აქტებით არის დაცული.
„ძალიან უხეში ფორმით არის ეს უფლება ხელყოფილი, თუმცა ე.წ. უფლებადამცველები, სინამდვილეში კი „ენჯეოები“, საკითხზე საკუთარ პოზიციას არ გამოხატავენ. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რამდენად დიდი ფარსია „ენჯეო“. „ენჯეოს“ ერთადერთი ფუნქცია აქვს – ის არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ინტერვენციის ინსტრუმენტი. თავის დროზე სწორედ ამიტომ მივიღეთ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ამიტომ მოვითხოვეთ „ენჯეოების“ ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რომ ყველაფერი იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ არიან სინამდვილეში „ენჯეოები“, რამდენს და რაში იღებენ დაფინანსებას. ამ წლების განმავლობაში ამ „ენჯეოებს“, ე.წ. უფლებადამცველებს ამ ქვეყნისთვის არაფერი სიკეთე არ უკეთებიათ, პირიქით, მუდმივად მტრობდნენ ქვეყანას. როდესაც მედიის თავისუფლებას ხელყოფენ და ამას ე.წ. უფლებადამცველები არ ეხმაურებიან, ეს არის პირდაპირი დასტური. ეს არ არის მხოლოდ იმის ნიშანი, რომ ვიღაცა არაკეთილსინდისიერად მოქმედებს, ეს იმის ნიშანია, რომ ეს კონკრეტული ადამიანები უბრალოდ უცხოური აგენტურა არიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, ხომ არ იკვეთება „ენჯეოების“ სურვილი, მოხდეს ე.წ. ველის მოსუფთავება მათი ინტერესების გამტარი მედიაორგანიზაციებისთვისაც, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ეს ინტერესი ბუნებრივია, არის, თუმცა განწირულია წარუმატებლობისთვის“.
„ზოგადად მათი ინტერესია, ორი პოლიტიკური მხარიდან ერთ-ერთი დააზიანონ, თუმცა განწირულია წარუმატებლობისთვის. არსებობს ოპოზიციური ტელეარხები, რომელთა რეიტინგი ფსკერზეა. რეიტინგები რომ ავიღოთ და შევადაროთ ოპოზიციური არხების რეიტინგები სხვა ეროვნული მაუწყებლების რეიტინგებს, დაახლოებით ხუთმაგი, ექვსმაგი სხვაობაა. ეს, ბუნებრივია, აწუხებთ და იმედი აქვთ, კონკრეტული მედიებისთვის მედიის ძირითადი უფლებების შელახვით შეიძლება, მოძლიერდეს პარტიული ტელევიზიები, თუმცა, ამ სანქციებით არავითარი დოზით, არავითარი ხარისხით არ შეიზღუდება არცერთი ტელევიზიისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ამის გარანტი არის საქართველოს ხელისუფლება. 2012 წლიდან სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა საქართველოში მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვის გარანტი. ჩვენ დავამკვიდრეთ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი, რომელიც 2012 წლამდე საერთოდ არ არსებობდა. დღესაც, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, შენარჩუნებული იქნება სრულფასოვნად მედიაპლურალიზმი და დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება თითოეული ტელევიზიისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0