
მსოფლიოში მიმდინარე ომები გვაქვს, გლობალური ლანდშაფტი გეოპოლიტიკური დაძაბულობითაა განპირობებული, კონფლიქტები ყველაფერს აზარალებს: სავაჭრო მარშრუტებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს და ეკონომიკურ სტაბილურობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ გამოწვევებსა და გაურკვევლობებზე პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია.
„მსოფლიოში მიმდინარე ომები გვაქვს. გლობალური ლანდშაფტი გეოპოლიტიკური დაძაბულობითაა განპირობებული, კონფლიქტები ყველაფერს აზარალებს: სავაჭრო მარშრუტებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს და ეკონომიკურ სტაბილურობას. ამ სიტუაციაში აუცილებელია ძირეული გადაწყვეტილებების მოძებნა. როგორც იცით, ჩვენი პერსპექტივიდან შეხედვით, ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსი მიზანი გვაქვს, თუმცა ვხედავთ, თავად ევროკავშირი სერიოზული და ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე დგას.
წლების განმავლობაში, ევროკავშირს სპეციფიური ძლიერი მხარეები გააჩნდა, ძლიერი იდენტობა, მაღალი კეთილდღეობის დონე და სიძლიერე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ახლა კი ევროკავშირი ამ სამივე მიმართულებით გამოწვევების წინაშე დგას. ეს ძალიან გვაწუხებს, და ვიმედოვნებთ, სიტუაცია მომავალში შეიცვლება.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ცხადია, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონსაც ეხება. თუმცა, ამავდროულად, ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები.
წლების განმავლობაში საქართველო ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდს წარმოადგენდა. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქცია. ახლანდელ პირობებში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები კვლავ სპეციალურ გამოწვევებს აწყდება, შეგვიძლია, ჩვენს პარტნიორებს განსაკუთრებული მომსახურება შევთავაზოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველო სატრანზიტო კვანძს წარმოადგენს საქონლის, მომსახურების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების ეფექტური გადაადგილებისათვის.
ჩვენ განვგარძობთ ამ ფუნქციის გაძლიერებაზე მუშაობას. ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობაზე და პროგრესზეა ორიენტირებული, წარმატებულია. ეკონომიკური მონაცემები ამის დასტურია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროპაში ყველაზე მაღალი იყო, 2021 წლიდან საშუალოდ 9.3% და წელიც კარგად დავიწყეთ: იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ.
ეს არის ჩვენი ხედვა: ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური პროგრესი და კავშირების განვითარება. ამ მიდგომით ჩვენ არა მხოლოდ შიდა მშვიდობას ვინარჩუნებთ, არამედ ხელს ვუწყობთ ფართო მშვიდობას ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ ძლიერ პარტნიორებს ვუწოდებთ თავს თურქეთთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0