
ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს.
„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი. იცით, როგორ დაამთავრა საკუთარი დიპლომატიური კარიერა ბატონმა ჰარცელმა. ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც, ყველაფერს აკადრებინებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბატონ ჰერჩინსკის და ამიტომ არის ეს პიროვნება ნამდვილად ტრაგიკული. სხვა კომენტარი მასზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ეს ადამიანი პირდაპირ, უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, არაკონსტიტუციური პარტიების სასარგებლოდ და პირდაპირ ახალისებდა ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ადამიანთან დაკავშირებით შეუძლებელია რამე სიღრმისეული კომენტარის გაკეთება.
გუშინ ქართველ ხალხს დაესხა თავს ევროკავშირის ელჩი და ამას ვპასუხობ. ის დაესხა თავს ქართველ ხალხს გუშინ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თავს ესხმის, ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა. მათ ასეთი გზა აირჩიეს, ჩვენ ვპასუხობთ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვართ ხოლმე პასუხის რეჟიმში, ჩვენ არასდროს არ ვიწყებთ ხოლმე ჩვენი კრიტიკული განცხადებებით. ისინი რაღაცას ამბობენ, თან ამბობენ სრულიად სამარცხვინოდ, დაუსაბუთებლად და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0