
დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით განვითარებულ საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტში ფრაქციამ „საქართველოსთვის“, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მოიწვია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებამ არაერთი განმარტება მოისმინა.
„მიმდინარეობს მაქსიმალურად როგორც საზოგადოების ინფორმირება, ასევე ამ ბავშვების მშობლების. ზოგადად, ძალიან სენსიტიური თემაა და მივესალმებით ამ ინტერპელაციას. ბატონ მიხეილ სარჯველაძეს საშუალება ექნება, საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებისთვის სენსიტიურ კითხვებს ამომწურავი პასუხი კიდევ ერთხელ გასცეს. მშობლებმაც და საზოგადოებამაც რეალურად ნახონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. კონკრეტულად ამ თემის ირგვლივ“, - განაცხადა კირცხალიამ.
29 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს.
0
0