22/06/2023
17:52
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 283 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. გამოითქვა იმედი, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესს.
ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ამასთან ყურადღება დაეთმო კონკრეტულ მაჩვენებლებს, მათ შორის, აღინიშნა დადებითი ტენდენციები ტურიზმის მიმართულებით.
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან EBRD-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, რომელსაც EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
0
0