
სახეზე გვაქვს ფაქტი, როდესაც ადამიანები ვერ ეშვებიან „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ძაგებას. ვერ ისწავლეს ჭკუა და ვერ მიხვდნენ, რომ ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ვერ გახდები მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის მუდმივი ლანძღვით, საქმით უნდა გახდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, იმედი აქვს, ეს სამწუხარო ვითარება გამოსწორდება. ამასთან, ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსში“ რჩება.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ფავლენიშვილი ამბობს, რომ „კონკრეტული ადამიანის უკულტურო, არაეთიკურ გამონათქვამებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება“.
„თამარ ჩერგოლეიშვილი ბევრ რამეს ამბობს ხოლმე. მისი პრობლემაა, რომ ასეთი ლექსიკა აქვს, ჩემი პრობლემა ხომ არაა? შეიძლება, ძალიან ბევრი არაეთიკური განცხადება ვიხილოთ პოლიტიკური პერსონების მხრიდან. მათგან განსხვავებით, მე ასეთი ლექსიკით არ ვაწუხებ ხოლმე საზოგადოებას. კონკრეტული ადამიანის უკულტურო, არაეთიკურ გამონათქვამებზე პასუხისმგებელი მე ვერ ვიქნები. ის ადამიანი უნდა იყოს და, მაქსიმუმ, მისი პოლიტიკური გუნდი. რაც შეეხება ზოგადად ალიანსში ყოფნას, ტაქტიკური, ძალიან მარტივი მიზეზი არსებობდა, წინააღმდეგობაში, პროტესტში მყოფი ძალების თანამშრომლობის სივრცე არის ეს და ამიტომაც ამ ეტაპზე ვრჩებით ალიანსში“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0