
ნიკა მელიას განცხადებების კრიტიკულ შეფასებას არ ვაპირებ, რადგან ის გახლავთ პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომელსაც პარტია „ახლის“ ლიდერის, ნიკა მელიას წერილზე დაუსვეს კითხვა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ცენზურა ვერ დაუწესდება.
„არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრისთვის მორალურად მიუღებელია პოლიტიკურ ტყვეზე აუგის თქმა ან კრიტიკული პოზიციის გამოთქმა, მაშინ როცა ის არის ციხეში. რაც შეეხება დაპირისპირებას, ამის მიზეზი იყო მარტივი – მიხეილ სააკაშვილს ცენზურა ვერ დაუწესდება. მას შეუძლია შეაფასოს აწმყოც, წარსულიც და მომავალიც, მოგვცეს რჩევები, ეს არის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას წერილის იმ ნაწილზე, სადაც მელია აღნიშნავს: „შესაცვლელია მიდგომა, რომ პირები, რომლებიც ქვეყნის მართვაზე ფიქრობენ, წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არცერთხელ ზუგდიდში. სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში“.
„მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა ეს სწორება, რომ სახალხო პოლიტიკის დროა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, იმის ჩვენება, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი, პარტნიორი და განვსხვავდებით ივანიშვილისგან, რომელიც იზოლირებულია, თუმცა მთავარი არის სახალხო პოლიტიკა. ამ მხრივ ვეთანხმები როგორც მელიას, ისე სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, ვინც ამაზე აკეთებს აქცენტს“.
ამასთან, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფაქტების კონსტატაცია შეთანხმების დარღვევა არ არის.
„ეს საბოლოო გაერთიანება ვერ იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურ პროცესში ყოველთვის არის ახალ-ახალი კონფიგურაციები. ეს იყო უშუალოდ წინააღმდეგობის ძალების ერთიანობა. რაც შეეხება პოლიტიკოსების განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ დაგვირღვევია შეთანხმება. მიხეილ სააკაშვილის მიერ ფაქტების კონსტატაცია შეთანხმების დარღვევა არ არის. სააკაშვილის მხრიდან წარსულის შეფასება მომავალშიც გაგრძელდება. ვისაც არ მოეწონება, შეუძლია, არ მოეწონოს, მაგრამ მას ექნება საშუალება, უფლება, გააკეთოს განცხადებები და შეფასებები“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0