
„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ნიშნავს, რომ საქართველოში ადგილი აქვს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევასა და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონკრეტულ შემთხვევებს, არამედ სისტემური უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც, საკმაოდ საგანგაშო უნდა იყოს, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმისთვის ამ მექანიზმის ამოქმედება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი მექანიზმი როდესაც ამოქმედდება ხოლმე, გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევს ხელისუფლებას.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ნებისმიერი მიმართულებით იყო მოსალოდნელი საკმაოდ მძიმე შედეგები ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ევროპის ნაწილში არავინ დაუშვებს ადამიანის უფლებების ასეთ მძიმე დარღვევას და ამ მექანიზმის ამოქმედება კონკრეტული რეზოლუციების, კონკრეტული სანქციებისა და კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილებების საფუძველია ხოლმე.
ასეთი მექანიზმი როდესაც ამოქმედდება ხოლმე, გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევს ხელისუფლებას და ალბათ, ივანიშვილის რეჟიმიც არ იქნება გამონაკლისი. თუმცა, რამდენად იქნება მათთვის ეს თანამშრომლობა წარმატებული, ეს უკვე სხვა საკითხია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს დასკვნას, ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი დასკვნა სხვადასხვა ინსტიტუციების მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების წინაპირობაა.
„შესაბამისად, როდესაც ეს მექანიზმი ამოქმედდება და შემდგომში შესაბამისი დასკვნა იდება და სახეზე სისტემური დარღვევები გვაქვს, კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დგება. შეიძლება, დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, შეიძლება, დადგეს მათი სანქცირების საკითხი – ამ მექანიზმის ამოქმედება აშკარად მიუთითებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობაა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა და ეუთო-ს 23-მა ქვეყანამ „გაააქტიურეს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის გამო და ექსპერტთა მისიის შექმნას ითხოვენ“.
0
0