
ემიგრანტების როდესაც უკრძალავ პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევას, ეს არის კონსტიტუციის მთავარი მუხლების დარღვევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ემიგრანტებს ქართულ ეკონომიკაში უდიდესი როლი აქვთ.
„ვიცით, რომ ქართულ ეკონომიკაში, სულ მცირე, 13% შედგება ემიგრანტების მიერ თავიანთი ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხებისგან. როდესაც ამ ადამიანებს უკრძალავ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ ნებისმიერი ფორმით ჩარევას, ეს არის კონსტიტუციის მთავარი მუხლების დარღვევა. უსამართლოა, როდესაც ემიგრანტებს ეკონომიკაში ამხელა როლი უნდა ჰქონდეთ და პოლიტიკაში არანაირი.
სამწუხაროდ, საქართველოში ყველას სანაცნობოსა თუ ოჯახში არსებობს ერთი წევრი მაინც, რომელსაც ემიგრაციაშია ნამყოფი და იცის, თუ რაოდენ ძნელი აქ ჩამოსვლა. მით უმეტეს, აი, ახლა ამდენი ადამიანი რომ ერთდროულად უნდა ჩამოვიდეს ერთ კონკრეტულ დღეს, ეს ხომ წარმოუდგენელია, პრაქტიკაში განუხორციელებელი. კამერის მიღმა, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ არგუმენტს მოგიყვანს. ესაა იმ ადამიანებისთვის პოლიტიკაში საქმიანობისა და ხმის მიცემის აკრძალვა, რომელთაც ქართულ ეკონომიკაში აქვთ უდიდესი როლი. ძალიან ამორალური და უსამართლოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არარეზიდენტი მოქალაქეები, ანუ უცხოეთში მყოფი პირები საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. პაპუაშვილის თქმით, შესაბამისი ცვლილებები ახალ „საარჩევნო კოდექსში“ შევა, რომელიც საქართველოს პარლამენტში 17 ნოემბერს დაინიცირდა.
0
0