
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დღეს, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა, მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და თურქ მოძმე ხალხს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
0
0