12/06/2023
17:01
პოლიტიკა
პარლამენტში საბჭოთა საქართველოს ყველაზე სამარცხვინო პრაქტიკა მეორდება - ირაკლი ბერაიას ტრადიციულ საბჭოურ, პარლამენტის დირექტორის საბჭოურ სტილში იცავთ! - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ხელმძღვანელს შალვა პაპუაშვილს, ბიუროს სხდომაზე.
ბოკუჩავა კოლეგის, თეონა აქუბარდიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომიდან კრიტიკული პოზიციის გამო გააგდო.
ბოკუჩავამ პაპუაშვილის მისამართით აღნიშნა, რომ საპარლამენტო განხილვების არსი ძალიან არასწორად ესმის და პარლამენტს, როგორ ინსტიტუტს კიდევ უფრო მეტად აკნინებს.
„თეონა აქუბარდიას მიერ წამოჭრილ საკითხზე თქვენი ცინიკური დამოკიდებულება არ მიკვირს. მსგავსი ზომები თქვენც არა ერთხელ გამოგიყენებიათ - დეპუტატის გაგდება, გაძევება თქვენთვისაც დამახასიათებელი ჩვევაა, ამიტომ არ მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ირაკლი ბერაიას გადაეფარეთ. ტრადიციულ საბჭოურ სტილში - პარლამენტის დირექტორის საბჭოურ სტილში იცავთ მას!“, - მიმართა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას ემოციური მდგომარეობა იმის შესაძლებლობას არ აძლევს, რომ კომიტეტის სხდომა რეგლამენტის მიხედვით წარმართოს.
აღნიშნული საკითხი აქუბარდიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომიდან გააგდო და მომხდარზე რეაგირება და შემდგომი პრევენცია ითხოვა.
ამასთან, აქუბარდიას ინფორმაციით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეხვედრებისას, მას როგორც კომიტეტის წევრს, მოწვევა არ მიუვიდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარის ვალდებულება იყო.
0
0