19/07/2023
13:07
საზოგადოება
TikTok-ს iPhone-ის მომხმარებლებისთვის სიახლე აქვს: ისინი პოპულარულ სოციალურ ქსელში უკვე პაროლის ჩაწერის გარეშე შევლენ, რადგან ამისთვის ბიომეტრიული მონაცემებიც საკმარისი იქნება. კერძოდ, ავთენტიფიკაციას ისინი მხოლოდ Touch ID-ის, ანუ თითის ანაბეჭდისა და Face ID-ის, იგივე სახის ამოცნობის ფუნქციის მეშვეობით შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
იდენტიფიკაციის დადასტურების ეს მეთოდი Passkey-ის სახელითაა ცნობილი და iOS მოწყობილობებში ხშირად გამოიყენება. ახლა ის უკვე TikTok-შიც ინტეგრირდა. მის გასააქტიურებლად, აპლიკაციის პარამეტრებში უნდა შეხვიდეთ, Passkey-ის შეთავაზება აირჩიოთ, შემდეგ Set up-ს (დაყენებას) დააჭიროთ, ბოლოს კი — Continue-ს (გაგრძელებას).
შედეგად, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები iCloud Keychain-ში შეინახება და Apple-ის სხვა მოწყობილობებზეც იმუშავებს. მასზე წვდომა თავად TikTok-საც კი არ ექნება, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად დაცულები იქნებით.
0
0