
იორდანიის ქალაქ კერაკში, საქაბაბის "7 ოქტომბერი" გახსნას ისრაელის ოფიციალურმა პირებმა "სამარცხვინო" უწოდეს, რადგან ეს სახელწოდება ,,ჰამასის“ მიერ ჩადენილ ხოცვა-ჟლეტას უკავშირდება. კვების ობიექტის პერსონალის წევრებს აცვიათ უნიფორმები, რომლებზეც გამოსახულია წარწერა "7 ოქტომბერი".
აღნიშნულმა ფაქტმა ისრაელში აღშფოთება გამოიწვია - ოფიციალურმა პირებმა მკაცრად გააკრიტიკეს კვების ობიექტის მეპატრონე იმის გამო, რომ მან თავის საქაბაბეს "7 ოქტომბერი" ,,ჰამასის“ მიერ ჩადენილი მკვლელობების შემდეგ დაარქვა, რომლის დროსაც ტერორისტებმა 1200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს.
„7 ოქტომბრის მოვლენების სამარცხვინო განდიდება უნდა შეწყდეს. ისრაელის წინააღმდეგ წაქეზება და სიძულვილი წარმოქმნის ტერორიზმსა და ექსტრემიზმს, რამაც სწორედ 7 ოქტომბრის სასტიკი ხოცვა-ჟლეტა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ იორდანიის მთავრობა ამ ფაქტს საჯაროდ და ცალსახად დაგმობს,“ - განაცხადა ისრაელში ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა Twitter-ზე.
როგორც Dailymail-ი წერს, რესტორნის მფლობელმა უარყო ბრალდება, რომ სახელწოდება "7 ოქტომბერი" ,,ჰამასის“ თავდასხმას უკავშირდება და განმარტა, რომ რესტორნის აღნიშნული სახელწოდება გულისხმობს იმ თარიღს, როდესაც მისმა ქალიშვილმა ალჟირში უნივერსიტეტი დაამთავრა.
,,ჩემი კვების ობიექტში ქაბაბების გარდა იყიდება პიცაც და ჩემს საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან,“ - დასძინა რესტორნის მფლობელმა. მან ისრაელს "მყიფე და სუსტი სახელმწიფო უწოდა " და ქვეყანა რესტორანის შესახებ დავების გამო გააკრიტიკა.
მანამდე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა მუდმივად უნდა შეინარჩუნოს იორდანიის დასავლეთით მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების სრული კონტროლი - ,,ეს არის პოზიცია, რომლის განმტკიცებასაც ყოველთვის დაჟინებით მოვითხოვ, სანამ მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები".
„თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, წარმოაჩინოს ლიდერობა და პატიოსნად გამოხატოს თავისი პოზიცია ისრაელის მოქალაქეების მიმართ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
0
0