
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის განცხადებით, ბოლო 75 წლის განმავლობაში გერმანიის უსაფრთხოება ყველაზე კონკრეტული საფრთხის წინაშე დგას.
მისი თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბერლინისა და ვაშინგტონის ურთიერთობები.
„ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობა ძირეულ ტრანსფორმაციას გადის. პირადად მე ხშირად ვგრძნობ გაურკვევლობას და ზოგჯერ გაღიზიანებასაც კი“, – განაცხადა ვადეპულმა, ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.
„საერთაშორისო წესრიგი, როგორსაც ბოლო 75 წლის განმავლობაში ვიცნობდით, ზეწოლის ქვეშაა. ზოგიერთი ცდილობს მის დაშლას“, – აღნიშნა ვადეპულმა.
მისივე თქმით, ახლა გერმანიას უწევს ერთდროულად ორ ომთან გამკლავება, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალოდ გერმანიის საზღვრებთან ახლოს მიმდინარეობს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე დიპლომატია ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე.
ვაშინგტონთან მზარდი უთანხმოების მიუხედავად, ვადეპულის განცხადებით, გერმანიაში „არასდროს უნდა დაივიწყონ, რომ სწორედ აშშ-მა გაათავისუფლა გერმანია ნაცისტური რეჟიმისგან, ხელი შეუწყო ფედერაციული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას და შესაძლებელი გახადა გერმანიის გაერთიანება“.
0
0