27/12/2023
18:37
მსოფლიო
ინგლისში დაკარგული ძაღლი პატრონმა 7 წლის შემდეგ იპოვა. როგორც აღმოჩნდა, 12 წლის როუზი ერთ-ერთი ადგილობრივი სოფლის მცხოვრებლებმა შეიფარეს და მასზე წლების განმავლობაში იზრუნეს.
ნოემბერში მოხალისეებისაგან შემდგარმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელიც დაკარგული ცხოველების პატრონებისათვის დაბრუნებას ისახავს მიზნად, ფეისბუქზე როუზის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. განცხადება ოჯახის მეგობარმა ნახა და მეპატრონეებს უთხრა, რომ ორგანიზაციამ, სავარაუდოდ, მათ ოთხფეხა მეგობარს მიაგნო. პატრონები ორგანიზაციის დახმარებით სოფელში ჩავიდნენ. მანამდე სამაშველო ჯგუფს მისთვის თვალ-ყურის დევნა დაევალა. ისინი გზებზე დამონტაჟებული კამერებით როუზის გადაადგილებას აკვირდებოდნენ. ოჯახის ჩასვლამდე მაშველებმა იგი ვეტერინართანაც მიიყვანეს და აღმოჩნდა, რომ ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„პატრონების დანახვისას როუზი, თითქოს, შოკირებული იყო. რამდენიმე წუთის განმავლობაში თითოეულ მათგანს ყურადღებით ათვალიერებდა. შემდეგ ძალიან ემოციური შეხვედრა შედგა. როუზის ჩვენც ძალიან გვიყვარდა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, მისი ნამდვილი ოჯახი ძაღლს სითბოსა და მზრუნველობას არ დააკლებს", - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
ამ დრომდე უცნობია, როგორ გაუჩინარდა იგი თითქმის 7 წლის წინ. მაშველებმა მის ლოკაციას დაკარგვიდან პირველი 10 დღის განმავლობაში მიაგნეს, მაგრამ ადგილზე მისვლამდე მას ტერიტორია დატოვებული ჰქონდა. მოგვიანებით როუზის კვალი წლობით სრულად გაქრა.
0
0