ინდოეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, დასავლეთ ბენგალის შტატის საავადმყოფო RG Kar Hospital-ში სტაჟიორი ექიმი გააუპატიურეს და მოკლეს. როგორც BBC წერს, ქალაქ კალკუტაში სამართლიანობის მოთხოვნით გამართული მარშის დროს, პროტესტის მონაწილეების ნაწილი აღნიშნულ საავადმყოფოში შეიჭრა და დაარბია.
„პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა პოლიციასა და მამაკაცების რამდენიმე ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა, რომლებიც დანაშაულის ადგილზე, RG Kar Hospital-ში შეიჭრნენ და სასწრაფო დახმარების განყოფილება დაარბიეს“, - წერს გამოცემა.
BBC-ის ცნობით, შედეგად რამდენიმე ექიმი და საავადმყოფოს პერსონალი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ კალკუტაში 19 ადამიანი დააკავა.
საპროტესტო გამოსვლები აგრეთვე გაიმართა ინდოეთის სხვა ქალაქებში: დელიში, ჰაიდარაბადში, მუმბაისა და პუნაში.
ინდოეთის სამედიცინო ასოციაციამ (IMA), რომელიც ქვეყანაში ექიმთა უმსხვილესი გაერთიანებაა, შაბათს იმ სამსახურების საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა, რომლებიც სასწრაფო დახმარების კატეგორიაში არ შედიან.
მომხდარი აგრეთვე დაგმეს სხვა ქალაქებში არსებულმა მედიკოსთა გაერთიანებებმა და დასავლეთ ბენგალის პოლიტიკურმა პარტიებმა.
ინდოეთში საპროტესტო გამოსვლების გაგრძელება ამ შაბათ-კვირასაც იგეგმება.
ცნობისთვის, 31 წლის ქალი სტაჟიორის ნახევრად შიშველი სხეული გასულ კვირას, საავადმყოფოს სასემინარო დარბაზში აღმოაჩინეს. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით დააკავეს ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობდა.
შემდეგ დღეებში, ინდოეთის საინფორმაციო საშუალებებით გაუპატიურების კიდევ ორი შემთხვევა გადაიცა.
BBC-ის ცნობით, გასულ კვირაში უტარახანდის შტატში იპოვეს მოკლული მედდა, რომელიც ივნისის შემდეგ გაუჩინარებული იყო. არსებული ცნობით, ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სავარაუდოდ, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.
ამას გარდა, მედიით ინფორმაცია გავრცელდა ბიჰარის შტატში ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ, რომლებსაც 6 წლის გოგონას ჯგუფურად გაუპატიურება და მკვლელობა ედებათ ბრალად. ინდური მედიის ცნობით, ბავშვის დასახიჩრებული სხეული სამშაბათს დილით, ერთ-ერთ სოფელში იპოვეს.
ამ შემთხვევების გამო, ინდოეთის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
0
0