
კელი დეგნანი არ იყო აშშ, არც მისი წინამორბედი იან კელი არ იყო აშშ, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და, რა თქმა უნდა, ერთმა და ორმა ელჩმა ამას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას იმის შესახებ, რომ კელი დეგნანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ოპონენტების მხრიდან აღქმული იყო, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-თან ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა.
კობახიძის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ახალი ელჩი საზოგადოებაში არსებულ აღქმებს რადიკალურად შეცვლის.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი იმ აღქმებს რადიკალურად შეცვლის, რომლებიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა და ა.შ. ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრას და აღნიშნულ თემებზე საუბარს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან ამ თემაზე სრული ღიაობა არსებობს.
კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია იმ მიზეზების შესახებ, რატომ ჰქონდა მმართველ პარტიას კრიტიკული შენიშვნები კელი დეგნანის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით.
მმართველი პარტიის ლიდერი იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებას მყარი ნდობა გააჩნდეს.
„ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან, მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით და ამის „კუდებსაც“ ვხედავთ – იგივე ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია“ აღნიშნა კობახიძემ.
0
0