27/12/2024
13:25
მსოფლიო
SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა X-ზე ახალი იდეა გააჟღერა, რომ პლანეტა მარსს შესაძლებელია „ახალი სამყარო“ დაერქვას, თუ ადამიანები იქ კოლონიას შექმნიან.
„მომავალში, მარსს „ახალ სამყაროს“ უწოდებენ, ისევე როგორც ამერიკას მოიხსენიებდნენ გასულ საუკუნეებში. ეს სამყაროს ახალი საზღვრების დადგენის ისტორიული პრეცედენტი იქნება“, - განაცხადა მასკმა.
თუმცა, როგორც The Economic Times-ი წერს, ინიცირებული სახელის შეცვლა უმნიშვნელო დეტალია მასკის ვრცელ ხედვაში, რომელიც მარსის ადამიანური ცივილიზაციის თვითშენარჩუნებულ კერად გარდაქმნას უკავშირდება. მასკი მარსს დიდი ხანია, კაცობრიობის გადარჩენისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე პლანეტად ახასიათებს. მისი თქმით, თუ დედამიწა კატასტროფული მოვლენების წინაშე აღმოჩნდება, წითელ პლანეტაზე კაცობრიობის შესანარჩუნებლად საგანგებო გეგმა უნდა შემუშავდეს.
„დედამიწა დიდია, მაგრამ მყიფეა. აუცილებელია სარეზერვო საშუალების უზრუნველყოფა. Starship-ი სიცოცხლეს მრავალპლანეტურს გახდის და დედამიწაზე ადამიანებს გადაშენებისგან გადაარჩენს“, - განმარტა მასკმა და ხაზი გაუსვა დედამიწის საზღვრებს მიღმა კაცობრიობის ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, SpaceX-ი მარსზე ხუთ მისიას გაუშვებს, რომლებიც, სამშენებლო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო აღჭურვილობასთან ერთად, პლანეტას მიაწოდებენ წყალს, ჟანგბადს და საწვავს. წარმატების შემთხვევაში, პირველი ეკიპაჟის მისია მარსზე შეიძლება 2030-იანი წლების დასაწყისში განხორციელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკის ხედვა ამბიციურია, ის სკეპტიციზმის წინაშე აღმოჩნდა. ასტროფიზიკოსმა ნილ დეგრას ტაისონმა ეჭვქვეშ დააყენა მარსის კოლონიზაციის პრაქტიკულობა: „რითი უნდა ანაზღაურდეს ეს ინვესტიცია? არაფრით. ეს მასკის სახალისო იდეაა სერიოზული განზრახვით.” ტაისონმა ეჭვი გამოთქვა წითელ პლანეტაზე ადამიანის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ.
მასკმა პირდაპირ უპასუხა ტაისონის კრიტიკას X-ზე: ,,ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ მარსი გადამწყვეტია სიცოცხლის გრძელვადიანი გადარჩენისთვის’’.
გახდება თუ არა მარსი საბოლოოდ „ახალი სამყარო“ გაურკვეველია, თუმცა ილონ მასკის გზავნილი ნათელია: კაცობრიობამ უნდა გაიხედოს დედამიწის მიღმა, რათა თავისი მომავლის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
0
0