12/12/2024
13:23
მსოფლიო
ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებამ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, იუწყება Bloomberg.
სააგენტოს ცნობით, ბიზნესმენის ქონების ზრდის კატალიზატორი იყო SpaceX-ის აქციების ინსაიდერული გაყიდვა, რის შედეგადაც მასკის კაპიტალი გაიზარდა, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარით და გადააჭარბა 439 მილიარდს.
SpaceX და მისი ინვესტორები ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ შეიძინონ 1,25 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები კომპანიის თანამშრომლებისა და სხვა მფლობელებისგან. ტრანზაქციის შედეგად, კომპანიის ჯამური ღირებულება 350 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
Bloomberg აღნიშნავს, რომ მასკის კაპიტალი, ბოლო დროს, მკვეთრად გაიზარდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე. მილიარდერი ღიად უჭერდა მხარს რესპუბლიკელ კანდიდატს და ასრულებდა სპონსორის როლს.
თავის მხრივ, ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ გაამარტივებს უპილოტო მანქანების შემოღებას და გააუქმებს საგადასახადო შეღავათებს ელექტრო მანქანებისთვის, რომლებიც ეხმარება Tesla-ს კონკურენტებს. ამის შემდეგ Tesla-ს აქციები დაახლოებით 65%-ით გაიზარდა.
ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში მასკმა უნდა დაიკავოს ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი.
0
0