15/11/2024
12:28
მსოფლიო
The New York Times-ის ინფორმაციით, SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა - დონალდ ტრამპის მიერ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშვნამდე ერთი დღით ადრე. შეხვედრაზე, მხარეებმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვის გზები განიხილეს.
როგორც ირანელმა ოფიციალური პირმა [ანონიმურობის დაცვით] The New York Times-ს განუცხადა, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თავად სთხოვა ელჩს შეხვედრა.
”ის [ილონ მასკი] ახლა ირანელებთან ამყარებს კომუნიკაციას. ირანელებს არ ჩაურთავთ ამერიკელები პირდაპირ მოლაპარაკებებში მას შემდეგ, რაც ტრამპი ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება იყოს. შეძლებს თუ არა ამერიკა ტრამპის ხელმძღვანელობით ირანთან წარმატებული მოლაპარაკებების წარმოებას? - ეს საკითხი ეხება მასკს ან მას, ვინც აპირებს ამ მოლაპარაკებების წარმართვას, და დიპლომატიურ პროცესისთვის მზადმყოფ მომლაპარაკებელ გუნდს.
მიუხედავად იმისა, რომ მასკი შესაძლოა უფრო „პრაგმატული“ იყოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ყოვლისმომცველი რეგიონული ომის ზღვარზე ვართ. ამ პროცესის ხელახლა დასაწყებად ტრამპს დასჭირდება სამუშაო ჯგუფების შექმნა, ბირთვულ თუ რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ტექნიკური ექსპერტები და პატიოსანი თანამოსაუბრეები, რომლებიც ხელს შეუწყობენ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების წარმოებას”, - თქვა საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის წევრმა სინა ტუსიმ.
როგორც The New York Times-ი წერს, ტრამპს ირანთან რთული ურთიერთობა აქვს. თავისი პრეზიდენტობის დროს, ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოეყვანა, რომელიც 2015 წელს ბარაკ ობამას მმართველობის დროს გაფორმდა. ამგვარად, ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღადგინა. ასევე, 2020 წლის იანვარში, ტრამპმა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ელიტურ „ყუდსის ძალებზე“ თავდასხმის მოწყობის ბრძანება გასცა, რის შედეგად, გენერალ-მაიორი ქასიმ სოლეიმანი დაიღუპა. სექტემბერში კი, ტრამპის საარჩევნო შტაბისთვის მიწოდებულმა დაზვერვის წყაროებმა ცხადყო, რომ ირანი მის მოკვლას ცდილობდა. მდგომარეობას ართულებს ტრამპის ძლიერი მხარდაჭერა ისრაელისადმი, რამაც შესაძლოა გზა გაუხსნას ისრაელსა და ირანს შორის ყოვლისმომცველ ომს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდება.
0
0