19/11/2022
10:39
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
როგორც ილჰამ ალიევი წერს, ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ამჟამად, ახალ შინაარს იძენს.
„დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომენტიდან გასულ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი გახდა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ჩვენი კავშირების გამყარების მნიშვნელოვანი საფუძველი. ორმხრივმა ვიზიტებმა, რეგულარულმა კონტაქტებმა, სხვადასხვა სფეროში ხელმოწერილმა მრავალრიცხოვანმა დოკუმენტებმა, განხოციელებულმა ერთობლივმა პროექტებმა ჩვენი მრავალვექტორული თანამშრომლობის გაფართოებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დიდად ვაფასებ საერთაშორისო სტრუქტურებშიც ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელებიც არიან საიმედო სტრატეგიული პარტნიორები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილში.
ალიევი მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს წვლილი შეაქვს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონის განვითარებაში, სტაბილურობაში და უსაფრთხოებაში.
„მიმაჩნია, რომ არის კარგი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც წარმატებულად გავაგრძელებთ ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კავშირების მუდმივი გაფართოებისკენ, ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისკენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე აყვანისკენ.
ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ თქვენ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას საქმიანობაში, მეგობარ ქართველს ხალხს კი, მუდმივ სიმშვიდეს, აყვავებას და კეთილდღეობას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილში.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
0
0