
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრა გამართეს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ილჰამ ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა გასულ წელს მარტა კოსის მიერ აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის გამო, რომლის ფარგლებშიც, ის ყარაბაღშიც იმყოფებოდა.
აზერბაიჯანული მედია ასევე წერს, რომ ალიევმა და კოსმა მოლაპარაკებების დროს იმსჯელეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე და მშვიდობის დღის წესრიგის წინ წაწევაზე. ასევე, განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის, რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციის, ჰუმანიტარული, განაღმვით და სხვა სფეროებში, ასევე საუბარი შეეხო აზერბაიჯანის მიერ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს.
მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს აზერბაიჯანის საქმიანობას ჰუმანიტარულ – განაღმვით სფეროში და ასევე ნახჭევანის მიმართულებით სარკინიგზო ხაზის აღდგენის პროექტებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მარატ კოსიც.
ევროკომისარი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მხარი დაუჭირა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციას. „ჩვენ შევთანხმდით, გავაძლიეროთ მუშაობა ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირები გასაძლიერებლად“, – წერს მარტა კოსი.
0
0