
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ივლისში ბაქოში გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნების არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ალიევმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა 12-14 ივლისს გაიმართა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
„ჩვენი ტერიტორია ასეთი შეხვედრის ჩასატარებლად ჩვენი ცოდნის გარეშე გამოიყენეს. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან შეხვედრას არ დავსწრებივართ, თუმცა ფრენების მონაცემები ადასტურებს, რომ ბაქოში ასეთი საიდუმლო შეხვედრა ნამდვილად შედგა”, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თუ შეხვედრის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების ხელშეწყობა იყო, ბაქო ამას მხოლოდ მიესალმება.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობას აღნიშნულ შეხვედრასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცი“, – განაცხადა მერცმა.
„ბლუმბერგის” ინფორმაციით, ბაქოში გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაში გერმანიის მხრიდან მონაწილეობდნენ ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რონალდ პოფალა და ბრანდენბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მათიას პლატცეკი. რუსეთის დელეგაციაში კი, შედიოდნენ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ფადეევი და რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ამჟამად „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ ზუბკოვი.
0
0