17/11/2023
11:49
მსოფლიო
კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა IBM-მა სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე რეკლამების განთავსება შეაჩერა მას შემდეგ, რაც მისი რეკლამები ადოლფ ჰიტლერისა და ნაციზმის ქებისშემცველი პოსტების გვერდით გამოჩნდა.
კომპანიის განცხადებით, "სრულიად მიუღებელია" პლატფორმაზე მისი რეკლამის შინაარსის გამოჩენა ასეთი თემების შემცველი პოსტების გვერდით.
X-ის მტკიცებით, ის, "მსგავსი შინაარსის შემცველი პოსტების გვერდით", ბრენდების რეკლამებს კონკრეტული მიზნით არ ანთავსებს.
როგორც ცნობილია, მანამდე X-ის მფლობელი ილონ მასკი გააკრიტიკეს, როდესაც მან პოსტზე პასუხის გაცემისას ანტისემიტური შეთქმულების თეორიას "ფაქტობრივი სიმართლე" უწოდა.
მემარცხენე ორგანიზაცია Media Matters for America-ის განცხადებით, მან IBM-ისა და სხვა კომპანიების [Apple, Oracle, სატელევიზიო ქსელი Bravo და ტელეკომის კომპანია Xfinity] მიერ შეძენილი რეკლამები ისეთი პოსტების გვერდით იპოვა, რომლებიც მოიცავს ჰიტლერის ციტატებს, ნაცისტების ქებას და ჰოლოკოსტის უარყოფას. ერთ-ერთი პრონაცისტური პოსტი 8000-ზე მეტჯერ არის ნანახი.
„IBM-ი სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობით ხასიათდება. დაუყოვნებლივ შევაჩერეთ ყველა რეკლამა X-ზე მანამდე, სანამ ეს სრულიად მიუღებელი სიტუაცია გამოძიებული არ იქნება,“ - განუცხადა IBM-მა BBC-ს.
როგორც X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ განაცხადა, „X-მა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი ჩვენი ძალისხმევის შესახებ ანტისემიტიზმთან და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. მსოფლიოში არსად არის მისი ადგილი – ეს მახინჯი და არასწორი აზროვნებაა. რეკლამები არ არის განზრახ განთავსებული ექსტრემისტული შინაარსისშემცველი პოსტების გვერდით. X-ის თვალსაზრისი ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო, რომ დისკრიმინაცია ყველას მხრიდან უნდა შეწყდეს.“
Media Matters-ის თქმით, ილონ მასკის „ტვიტი“ ანტისემიტური შეთქმულების თეორიის მხარდაჭერას ნიშნავს, რომელიც ცნობილია როგორც "შეთქმულების თეორია თეთრების გენოციდის შესახებ". თეორიის მიხედვით, ებრაელი ხალხი სისტემატურად გეგმავს დასავლეთის ქვეყნებში "არათეთრი" ადამიანების იმიგრაციის წახალისებას, რათა მოხდეს დემოგრაფიული ცვლილებები და "განადგურდეს" თეთრი რასა.
X-ის მფლობელი უარყოფს, რომ ის ანტისემიტია. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მისი კომენტარები ეხებოდა არა ყველა ებრაელ ხალხს, არამედ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგა (ADL) და სხვა გაურკვეველი "ებრაული თემები".
ილონ მასკის საპასუხოდ, ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგის აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან გრინბლატი წერს: „იმ დროს, როდესაც ანტისემიტიზმის გამოვლინებები მრავლადაა ამერიკაში და მთელ მსოფლიოშიც იზრდება, უდავოდ საშიშია საკუთარი გავლენის გამოყენება ანტისემიტური თეორიების დასამტკიცებლად და პოპულარიზაციისთვის“.
როგორც ცნობილია, ილონ მასკი 16 ნოემბერს სან-ფრანცისკოში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს უნდა დასწრებოდა, თუმცა მან, გრაფიკის ცვლილების მოტივით, ვიზიტი გააუქმა.
0
0