
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი მიმდინარე კვირის ბოლოს ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს და ეროვნულ არჩევნებს დანიშნავს.
როგორც „როიტერი“ წერს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მას სავარაუდოდ საშუალებას მისცემს, მიიღოს საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რათა ქვეყნის მმართველ ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიაზე გავლენა გააძლიეროს და კოალიციის მყარი უმრავლესობა მოიპოვოს.
გამოცემის ცნობით, არჩევნები ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ფასების ზრდა საზოგადოების მთავარი საზრუნავია, ამჟამინდელ ხელისუფლებას კი, მთავარ პრიორიტეტად აქვს უსაფრთხოების სტრატეგიის გაძლიერება, რომელიც თავდაცვის ხარჯებს გაზრდის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 45%-მა მთავარ საზრუნავად დაასახელა ფასები, 16%-მა კი – დიპლომატია და ეროვნული უსაფრთხოება.
სანაე ტაკაიჩი იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2025 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს. იაპონიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნული თანამდებობა ქალმა დაიკავა.
0
0