23/03/2023
15:59
პოლიტიკა
"საქართველოს ხელისუფლება მას იყენებს თავისი ბინძური თამაშისთვის და ექცევა, როგორც პოლიტიკური მანიპულაციის იარაღს" - ამ სიტყვებით აფასებს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ხელისუფლების დამოკიდებულებას დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ელიზავეტა იასკო მიხეილ სააკაშვილის პარტნიორია - წერს პოლონური მედია. იასკომ ადგილობრივ რადიოს RMF FM-ის რეპორტიორს ინტერვიუ მისცა და პოლონელი ექიმების საქართველოში დაგეგმილ მოგზაურობაზე ესაუბრა.
როდის მიეცემათ პოლონელ ექიმებს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება, ამ ეტაპზე ისევ უცნობია. მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, 2 კვირაზე მეტია ისინი მზად არიან, მზად აქვთ თვითმფრინავი, რომ სპეცრეისით ჩამოვიდნენ.
"თვითმფრინავი იქნება აღჭურვილი ყველანაირი აპარატურით, რაც საჭიროა და ა.შ. მაგრამ ამის იქით არაფერი არ ვიცი", - ამბობს ალასანია.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პოლონელმა ექიმებმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.
ჟურნალისტი: პოლონელი ექიმები მზად არიან წავიდნენ საქართველოში და დაეხმარონ მიხეილ სააკაშვილს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ ეს გადარჩენის ბოლო შანსია. რას იტყვით მის დღევანდელ მდგომარეობაზე?
ელიზავეტა იასკო: სულ უფრო უარესდება, რეალურად სასწაულია, რომ მიხეილი ჯერ კიდევ ცოცხალია. მისი სიმპტომები ძალიან სერიოზულია, დაახლოებით ერთი წელია უარესდება. სულ რაღაც ერთი წლის წინ, როდესაც მისი მდგომარეობა გაუარესდა, დავიწყე ამაზე საუბარი, ყვირილი, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, მხოლოდ გაუარესდა. მიხეილი დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის, ახლა ზუსტად არ ვიცით, რამდენია. ეს ძალიან საშიშია, ეს ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი არ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ორგანოებისა და პროცესების ფუნქციონირებისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არ ეხება საკვებს, მაგრამ ეს ის ეტაპია, სადაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მკურნალობა. თუმცა, ვიცით, რომ მის საქმეს ამჟამად საქართველოს ხელისუფლება და სხვები იყენებენ. საუბარია ბინძურ პოლიტიკურ თამაშზე და პროვოკაციებზე თუ მანიპულაციებზე. ვფიქრობ, მათ აქვთ გარკვეული ინტერესი, გააუარესონ მისი მდგომარეობა. მტკივნეული და ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას ბევრი გართულება ჰქონდა, მისი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. არ გამიკვირდება, თუ ამ ყველაფრის უკან ვინმე რუსეთიდან დგას, ამ ქვეყნისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. მდგომარეობა კრიტიკული, სამწუხარო და ძალიან მძიმეა.
ჟურნალისტი: თქვენი აზრით, რატომ არ მისცა საქართველოს მთავრობამ უფლება პოლონელ ექიმებს ჩამოსულიყვნენ სააკაშვილის გამოსაკვლევად?
ლიზა იასკო: ჩემი აზრით, ამას ფართო კონტექსტი აქვს, საუბარია საქართველოში არსებული ხელისუფლების სიმპათიებსა და გავლენებზე. იცით, მე, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი დეპუტატი ვარ, ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს პირად ურთიერთობას სააკაშვილთან. როდესაც ვიწყებ მიხეილის საქმეზე ლაპარაკს, ვხედავ, უცებ როგორ ხდებიან აგრესიულები. არის სხვა საკითხიც - ჰგონიათ, რომ სააკაშვილი ერის ღმერთია, რომ ახალ რევოლუციას უხელმძღვანელებს, თუ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას დათანხმდებიან და სრულად გამოჯანმრთელდება. მათ არ სჯერათ მისი ავადმყოფობის. ეს სრულიად ირაციონალური და ძნელი ასახსნელია, მაგრამ დავიწყე იმის გაგება, რომ მათ უბრალოდ ეშინიათ მისი, ისინი სავსე არიან ამ შიშით, რომ მან შესაძლოა, რაიმე სახის გადატრიალება მოახდინოს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის! არა რაიმე პოლიტიკური კარიერისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, უკრაინული მედია წერდა, რომ ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლიზა იასკოს ღიად მხარდამჭერი განცხადება აღარ გვინახავს. თუმცა, რა ხდება დღეს წყვილს შორის, უცნობია, ფაქტია, რომ იასკო ძველებურად ღელავს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე.
0
0