19/01/2025
11:03
მსოფლიო
„ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელში ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. თელ ავივში ათასობით დემონსტრანტი იმ ადგილას შეიკრიბა, რომელსაც „მძევლების მოედანს“ უწოდებენ და სადაც დატყვევებულთა ოჯახები, ერთ წელზე მეტია, აქციებს მართავენ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის განმავლობაში, რომელიც ექვსი კვირა გაგრძელდება, „ჰამასისა“ და მისი მოკავშირეების მიერ დაკავებული 33 ისრაელელი მძევალი უნდა გათავისუფლდეს. უცნობია, ყველა მათგანი ცოცხალია თუ არა.
„ჰამასსა“ და მის მოკავშირეებს 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს აყვანილი 251 ადამიანიდან 94 ამ დრომდე ტყვედ ჰყავთ. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, მათგან, სულ მცირე, 34 გარდაცვლილია. 150-ზე მეტი მძევალი უკვე დაბრუნებულია. პარალელურად, თელ ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო აქციებიც გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ ომის დასრულებასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის გადადგომას. პოლიციის განცხადებით, იერუსალიმში საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს.
0
0