29/11/2023
12:26
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში კონფლიქტის გაგრძელების დაშვებით „ჰამასი“ მიიღებს იმას, რისთვისაც იბრძვის.
,,7 ოქტომბერს, ,,ჰამასმა“ [ისრაელზე] თავდასხმები დაიწყო, რადგან მას არაფრის ეშინია, გარდა ისრაელელებისა და პალესტინელებისა, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობენ გვერდიგვერდ. ტერორის, ძალადობის, მკვლელობისა და ომის გზით სვლა ნიშნავს იმას, რომ ,,ჰამასი“ მიიღებს იმას, რისთვისაც იბრძვის“, - განაცხადა ბაიდენმა X-ზე.
ბაიდენის კომენტარმა დაბნეულობა გამოიწვია - გაჩნდა კითხვის ნიშანი იყო თუ არა აღნიშნული განცხადება კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის შერბილების სიგნალი.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა ცეცხლის შეწყვეტას და განაცხადა, რომ ეს ვერ დაამყარებდა მშვიდობას ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის.
თუმცა, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Jewish Insider-ს განუცხადა, მისი განცხადება "არ წარმოადგენს ისრაელ-,,ჰამასს“ შორის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას" და დასძინა, რომ აღნიშნული კომენტარი გასულ კვირას ბაიდენის სიტყვით გამოსვლის ნაწილია.
„ის [ბაიდენი] გულისხმობდა, რომ საბოლოო ჯამში, არ უნდა დავკარგოთ რეგიონში მშვიდობის დამყარების იმედი და, რომ ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ხანგრძლივი სტაბილურობისთვის პირობების შექმნის გაგრძელება და ეს მოიცავს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას“, - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
0
0