
გვარამიამ, ზურა ჯაფარიძემ, ოქრუაშვილმა, ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არ აღიარეს ეს სისტემა და არ აღიარებენ მათ შორის, ციხეში წასვლის ხარჯზე, სრული სოლიდარობა ყველას - უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე შემართებით - არ აღიარება, არ მიღება, დელეგიტიმაცია და ამ ხალხის ჩამოშორება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ არ აღიარება „მთავარი იარაღია“.
„დღეს კომიკურმა ავტოკრატებმა პოლიტიკური ოპონენტების დაჭერის შესახებ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს. მოვისმინეთ განაჩენი მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, რომ ის წავა ციხეში. ასევე, ჩატარდა ნიკა მელიას პროცესი და მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ისიც დაიჭირონ რაღაც გაუგებარი ბრალდებით. სავარაუდოდ, დღეს 5 საათზე ბადრი ჯაფარიძეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
დღეს, ჩვენ „ჰეზბოლას“ სტუმრის, ირაკლი კობახიძის ისტერიული განცხადება ვნახეთ, რომელიც ამბობს, რომ არ აღიარების გამო ყველას დაიჭერენ. დიახ, არ აღიარება არის მთავარი იარაღი. ნიკა გვარამიამ, ზურა ჯაფარიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არ აღიარეს ეს სისტემა და არ აღიარებენ მათ შორის, ციხეში წასვლის ხარჯზე. ამიტომ, სრული სოლიდარობა ყველას. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე შემართებით - არ აღიარება, არ მიღება, დელეგიტიმაცია და ამ ხალხის ჩამოშორება“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
0
0