
ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ხავიერ ლოპესის განცხადებაზე, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი საქართველოსთან მიმართებით, მით უმეტეს, შეურაცხყოფებითა და შეუფერებლობით გამოირჩევა, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც „უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს“.
„ეს ზუსტად ისაა, რასაც წლებია, ვსაუბრობთ: სამწუხარო მოცემულობაა, რომ ევრობიუროკრატიაში ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე საკუთარი კოლეგები ლანძღავენ და ამხელენ. კორუფცის, თანამდებობისთვის შეუფერებლობას და სხვა მსგავს საკითხებსაც ხომ არ დაგვაბრალებენ? რაც ვთქვი, ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, არამედ ეკუთვნის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპარლამენტარებს და ევროპარლამენტში მაღალი თანამდებობის პირებს. ეს არის მოცემულობა.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის, რაც დაემართება ევრობიუროკრატიას, ყველა ერთად ვნახავთ და ეს პროცესი მიმდინარეობს. არ მგონია, ევრობიუროკრატიას რამე ეშველოს, მაგრამ ევროპაში დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და აირჩევენ ეროვნულ ხელისუფლებებს, რომლებიც შემდეგ ევროპულ ღირებულებებს მიჰყვებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0