
პაველ ჰერჩინსკი შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს, თავის დროზე, ქართველებს რუსეთის ეგზარქოსი რუსულად წყევლიდა, ჰერჩინსკი ხალხს შეურაცხყოფას ინგლისურად აყენებს, განსხვავება მხოლოდ ენებს შორის არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია.
„არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ქმედებებიც – ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან ერთად ზუსტად ბნელ წარსულში დაბრუნება ხდება. როცა ჰერჩინსკი მოგვიწოდებს, რომ ბნელ წარსულში არ დაბრუნდეთო, ქართულ საზოგადოებას უბიძგებდა, ბნელ წარსულში დაბრუნებულიყო, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროში. ასე არ იყო? ამის დამადასტურებელი ვიდეოები არსებობს. შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. თავის დროზე, ქართველებს რუსეთის ეგზარქოსი რუსულად წყევლიდა, პაველ ჰერჩინსკი ხალხს შეურაცხყოფას ინგლისურად აყენებს. განსხვავება მხოლოდ ენებს შორის არის. სწორედ ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. კარგად ვიცით, როგორ კეთდება მეგობრული განცხადება. მეგობრულად მწუხარების გაზიარება იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნისგან პატრიარქის გარდაცვალების თაობაზე. რატომ არ იყო მწუხარება ევროკავშირის ბიუროკრატიიდან? მეგობრობას ნურავინ გვასწავლის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკის ხვდება
27/04/2026