
თანახმა ვარ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების გამაერთიანებელი იყოს. ჯაფარიძის პარტია და „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია, ოპოზიციად არ მოიხსენიება. ესენი არიან ძალები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ უცხოეთიდან დაკვეთებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში ე.წ. გაერთიანებების თავადაც აღარ სჯერათ.
„თვითონ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ნდობა არ არის. სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა. არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან არ არის მიმართული ქვეყნის კეთილდღეობისა და ალტერნატიული წინადადებისკენ. ოპოზიცია თუ ხარ, წესით, საზოგადოებას იმაზე უკეთესი უნდა შესთავაზო, ვიდრე ხელისუფლებას აქვს. ესენი კი ხალხს ეუბნებიან, თქვენ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლება კარგს აკეთებს, ეს ყველაფერი ცუდი არის, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვალთო. ყველამ კარგად ვიცით, როგორ უნდათ მოსვლა – არჩევნების გარეშე. რვიანი იქნება, შვიდიანი, თუ რა ციფრიც არ უნდა დაიწეროს, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, ყოველთვის ნული იქნება. ამოცანა თუ გაქვს ნული, არაეროვნული, რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, ნული იქნება.
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ თანახმა ვარ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების გამაერთიანებელი იყოს, რადგან ეს ადამიანი „წარმატების“ ფორმულაა „ნაცმოძრაობის“, ნებისმიერი საარჩევნო პროგრამა იქნება, თუ ნებისმიერი აქცია. თანახმა ვარ, ისევ იყოს სალომე ზურაბიშვილი მათი გამაერთიანებელი, „ნაცმოძრაობას“ დაარქმევენ, ახალს, ძველს, თუ როგორც არ უნდა უწოდონ. სალომე ზურაბიშვილი ანტიქართული და უცხოური ძალების წარმომადგენლობის განსახიერებაა. ისევ სათავეში თუ დაიყენებენ, მხოლოდ თანახმა ვიქნები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახალ ხედვებზე, თამაშის წესებზე შესათანხმებლად სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში საუბარი მიმდინარეობს.
0
0