
შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. საფესტივალო ქალაქის სტუმარი ლეგენდარული როკ-ბენდი "Guns N" Roses" იქნება. ყველა თაობის მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი, Starring Georgia-ს ფარგლებში, კონცერტს სწორედ საფესტივალო ქალაქში გამართავს, რომელიც უამრავ მაყურებელს დაიტევს.
ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცე სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ დაგეგმილ კონცერტს დაესწრონ, არამედ ადგილზე გაცილებით ადრე, 16:00 საათიდან მივიდნენ და საფესტივალო ქალაქში წინასწარი საკონცერტო განწყობა შეიქმნან. მელომანები ჩაერთვებიან სხვადასხვა გასართობ და საგანგებოდ დაგეგმილ აქტივობაში, რომელიც კონცერტამდე გაიმართება. გარდა ამისა, აღნიშნულ სივრცეში განთავსდება ბარები და კვების ობიექტები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი კერძები და სასმელები.
"ეს პროექტი საქართველოსთვის უპრეცედენტოა როგორც სამშენებლო სამუშაოების თვალსაზრისით, ასევე ტექნიკური კუთხით. "ციცინათელას" პარკინგის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 000 კვადრატულ მეტრზე შენდება პატარა ქალაქი არა მხოლოდ სცენითა თუ კულისებით, არამედ სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, კვების ობიექტებით. კარგია, რომ ამ ტერიტორიაზე ასფალტია, რაც მშენებლობის მიმართულებით, უსაფრთხოებას ზრდის და კონცერტის დღეს ადამიანების სუფთად გადაადგილებასაც უზრუნველყოფს. ეს ის სტანდარტია, რომლისკენაც უკვე დიდი ხანია, ევროპა მიდის. იქ დიდი კონცერტებისთვის ჩასატარებლად, სტადიონებთან ერთად, საპარკინგე სივრცეებით ხშირად სარგებლობენ.
მთელ ამ პროცესში ძალიან ბევრი ცნობილი, მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ბრენდის მიერ წარმოებულ ტექნიკურ საშუალებებს ერთობლივად ვიყენებთ - დაწყებული Eurotruss-ის მიერ წარმოებული ჩვენი სცენით, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდია, გაგრძელებული Clay Paky-ის განათებითა და L-Acoustics-ის გახმოვანებით", - აღნიშნავს Starring Georgia-ს ტექნიკური დირექტორი კობი მანჯგალაძე.
ახალ საფესტივალო ქალაქში, რომელიც პოპულარული ბენდის კონცერტისთვის საგანგებოდ შენდება, გათვალისწინებული იქნება თითოეული ვიზიტორის კომფორტი და საჭიროება: შშმ პირებისთვის სპეციალურად მოეწყობა ადაპტირებული ზონა, რაც ყველასთვის თანაბარ წვდომასა და სრულფასოვან ჩართულობას უზრუნველყოფს.
Guns N’ Roses-ის კონცერტი საფესტივალო ქალაქში 30 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესში საერთაშორისო პლატფორმა iticket.com-იც ჩართულია. კერძოდ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბილეთების გაყიდვა აზერბაიჯანში, თურქეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში მიმდინარეობს.
30 მაისის შოუ, დაახლოებით, 5 საათს გაგრძელდება, რადგან, ფაქტობრივად, 2 კონცერტს მოიცავს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა არტისტს თავად ჩამოჰყავს ე.წ. საფორთ ბენდი. ასე რომ, სანამ სცენაზე როკ-მუსიკის ლეგენდები გამოვლენ, მანამდე მაყურებლის წინაზე Rival Sons წარდგება.
Guns N’ Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ბენდია, რომელიც უკვე 40 წელია, როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს იკავებს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებითა და საოცრად ენერგიული ლაივშოუების დამსახურებით, ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსსა და მნიშვნელობას. ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს ყველაზე დიდ სტადიონებსა თუ საკონცერტო დარბაზებში ტურნეები ბოლომდე მაინც ვერ გამოხატავს იმ მემკვიდრეობას, რომელსაც Guns N’ Roses-ის შემოქმედება იტევს. მალე ამ ყველაფრის ნაწილი საქართველოც გახდება.
0
0