
12 წელია, ხელისუფლებაში ხართ და თქვენი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს ხალხზე ზრუნავს, მაგრამ 12 წლის თავზე ხალხს თავს ამახსოვრებთ, როგორც კანონის შემოქმედებს, რითაც აშორებთ საქართველოს ევროკავშირს, ახალგაზრდებს უსპობთ მომავალს და უნდა გესმოდეთ ის პასუხისმგებლობაც, რომელიც ისტორიის წინაშეც გექნებათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის მისამართით განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გაუხარდება, თუ უმრავლესობა ვეტოს არ დაძლევს და კანონი არ ამოქმედდება.
„მუდმივად საუბრობთ, რომ გვიხარია თქვენი სანქციები, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ არცერთი თქვენგანის სანქცია არ გამიხარდება, უბრალოდ თქვენ იქცევით ისე, რომ იძულებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასე მოიქცეს. მე გამიხარდებოდა, არ დაგეძლიათ ვეტო, ეს კანონი არ ამოქმედდეს, ხალხს გადაეწყვიტა ხუთი თვის თავზე არჩევნებზე, თუნდაც ამ კანონის ბედი, მაგრამ თქვენ ძალმომრეობით, ადამიანების ცემით, გატაცებით, სახლთან დახვედრებით, ოჯახების დაწიოკებით გინდათ, ეს კანონი მიიღოთ. არადა, თქვენ ხომ ამბობდით, რომ არცერთი ადამიანის თმის ღერი არ გიღირდათ არანაირ კანონად, მაგრამ ახლა ისე დაიჟინეთ ეს კონკრეტული დავალება, რომელიც გაქვთ კრემლიდან, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიხართ. ძალიან ვღელავ თქვენ გამო, რადგან ვერ აცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომელიც თქვენ გექნებათ, რომელიც ექნებათ თქვენ გარშემო ადამიანებს, ყველას აყენებთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამ თვეების განმავლობაში, ყველა ზღვარს გადახვედით.
პროპაგანდირებთ, რომ სუვერენიტეტს იცავთ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, უკაცრავად, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია აშშ. თქვენ მუჭი მოუღერეთ სტრატეგიულ პარტნიორს, თითებს უქნევთ, ღალატში ადანაშაულებთ, თურმე ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან. დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მართლა და მთავარ მტერს პუტინს ერთი სული აქვს, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად და თქვენ ამაში ხელს უწყობთ სწორედ ამ რუსული კანონით, რომლითაც უარს ამბობთ ევროკავშირზე, რომლითაც მილიარდობით დოლარის ზარალს მიაყენებთ საქართველოს მოქალაქეებს. ამბობთ, რომ აიტანთ სანქციებს და აბა, კითხეთ ქართველ ხალხს გაუძლებენ ამ ეკონომიკურ ბლოკადას? გაუძლებენ იმ რეალობას, როდესაც ფაქტობრივად დასავლური დახმარების გარეშე საქართველოს ეკონომიკა არ იარსებებს. ერთი წამით ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ერთი წამით მაინც ეცადეთ, რომ ობიექტურები იყოთ. თქვენ სწირავთ საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალს, ეს შედეგები დადგება ძალიან სწრაფად, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ასევე თქვენთვის, ამიტომ უნდა გესმოდეთ ის მძიმე ისტორიული რეალობა, რაც თქვენ თვითონ დაიყენეთ. კიდევ ვიტყვი გულწრფელად, ძალიან გამიხარდება, თუ ვეტოს არ დაძლევთ და არჩევნებზე მისცემთ შესაძლებლობას ქართველ ხალხს გადაწყვიტონ საქართველოს სახელმწიფოს ბედი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0