
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ გამარჯვებას ეხმაურება და პეტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავს.
„ქრისტე აღდგა! გილოცავთ! უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში! „ძლიერი საქართველოს“ სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს, სრულიად უნგრელ ერს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 16 წლის განმავლობაში ელოდა დღეს, როდესაც დასრულდებოდა ორბანის რეჟიმი, ხოლო უნგრეთი დაუბრუნდებოდა თავისუფალი ევროპის წიაღს. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით. გუშინ უნგრელმა ერმა არჩევნებში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი, ნიჭიერი და გავლენიანი იყო, ვიდრე ქოცური ოცნება.
სრული უთანასწორობის, ერთ პარტიაზე მორგებული სახელმწიფო აპარატის, წინასწარ გაყალბებული სისტემის, კოლოსალური ადმინისტრაციული რესურსის, პრივატიზებული კონსტიტუციის, კორუფციულად მიტაცებული ათობით მილიარდის და სრული მედია მონოპოლიის მიუხედავად, ორბანის რეჟიმი იქნა სასტიკად განადგურებული, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან არცერთი სისტემა არ არის ურღვევი და ვერცერთი გაყალბებული სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას; როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში! რადგან შეუპოვრობას, გამბედაობას და დემოკრატიული ღირებულებების რწმენას შეუძლია, დაძლიოს შიში და მანიპულირება.
უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი. დომინოს პრინციპით, სულ მალე, ჩვენ იმავეს ვნახავთ სლოვაკეთში, ჩეხეთში, სერბეთში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც კორუმპირებული რუსული სატელიტი, ქართველების თავს იძულებით მოხვეული ანტიქართული რეჟიმი დღემდე განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კორუფციაში ჩახრჩობას და რუსიფიკაციას.
გუშინ უნგრელმა ხალხმა დაასრულა ქოცების ერთადერთი პარტნიორი ევროპაში და სულ მალე მის სატელიტურ რეჟიმს დაასრულებს ქართველი ხალხი. საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა ისწავლონ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მაგიარის ბრძოლიდან, რომელმაც გაყალბებულ სისტემაში უსამართლობასთან შეგუებას არჩია რთული ბრძოლა და ნაცვლად არჩევნების ბოიკოტირებისა ან ყურების ჩამოყრისა, შევიდა სრულიად უთანასწორო ბრძოლაში!
უმთავრესი გაკვეთილი ცხადია: ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ! დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ! პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში! ეს იყო, არის და იქნება „ძლიერი საქართველოს“ მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ უნგრელ ხალხს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველ ხალხს ბრძოლისკენ. სულ მალე საქართველოშიც ვიზეიმებთ დამაჯერებელ გამარჯვებას კორუმპირებულ რუსულ რეჟიმზე!“, – აღნიშნავს გეგელია.
0
0