26/11/2024
15:41
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია ეუბნებოდა პოლიციელს, ხვალ გავიგებ თქვენს გვარსო - ნუ, გაიგოს, კი ბატონო, აგერ ვართ და რა უნდა ექნა გვარს რომ გაიგებდა?! – არ მინდა ხაზი გავუსვა ფხიზელი იყო თუ არა ეს ადამიანი, პოლიტიკოსის გარდა, პრეტენზია რომ გაქვს მორალზე და ყველაფერზე, არ შეიძლება მოქალაქეს, პოლიციელს ასე მოექცე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც 25 ნოემბრის აქციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია პოლიციელს აშინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რაც მიუღებელია.
მინისტრის თქმით, სასაცილო იყო ბრალდება, რომ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
„გრიგოლ გეგელიათი დავიწყებ. მეღიმება უკაცრავად, მაგრამ ცოტა სასაცილო იყო რაღაც ჭავლი გამოიყენესო. უმჯობესია ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანები არიან პარლამენტის წევრები, თუ უარს აცხადებენ ამ მანდატებზე. იქ ვნახეთ, ჩემთვის ყველაზე ძალიან მიუღებელი - „ხვალ გავიგებ თქვენ გვარსო“. ნუ, გაიგოს, კი ბატონო, აგერ ვართ და რა უნდა ქნას გვარს რომ გაიგებდა ჯერ ეგ ერთი. ან რა გააკეთა პოლიციელმა?! იდგა უბრალოდ და არაფერი გაუკეთებია. [გეგელია პოლიციელთან] მიდის, უყვირის, ეს მანქანები რატომ მოიყვანეთო აქ და ვფიქრობ, შეურაცხყოფას აყენებდა. გვარის გაგებით თითქოს, აშინებდა. არ მინდა ხაზი გავუსვა ფხიზელი იყო თუ არა ეს ადამიანი, მტკიცებულებით ფორმატში მოვიტანე, მაგრამ ისეთი მიუღებელი ჩვენთვის იქ არაფერი მომხდარა. თვითონ მივიდა პოლიციასთან. პოლიცია არ მისულა მასთან, აქ რატომ დგახარ და ა.შ. თვითონ მივიდა და დაუწყო საუბარი. რა საუბარიც იყო ჩემთვის მართლა მიუღებელია. პოლიტიკოსის გარდა, პრეტენზია რომ გაქვს მორალზე და ყველაფერზე, არ შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს, პოლიციელს ასე მოექცე,“ - განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე წყალი შეასხეს. როგორც გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მიმართავდა.
„საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პირს, მაქვს უფლება, პოლიციელებს ვკითხო - აპირებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევას? - ამ საკითხზე მათ არავითარი პასუხი არ აქვთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთმა მანქანამ, ჩემს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0
0